საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები

ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.  

ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა - რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე https://registration.gov.ge/pub/form/8_protocol_for_arrivals_in_georgia/tk6157/ - სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა. 

ზემოთ აღნიშნული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. რაც ნიშნავს იმას, რომ კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში PCR ტესტის განმეორებით ჩასატარებლად.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს, ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომელთაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

საქმიანი ვიზიტები

აღსანიშნავია, რომ საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, ბმულზე https://registration.gov.ge/pub/form/7_protocol_for_arrivals_in_georgia/kcjcpx/. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 8 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR კვლევა (იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან), ან გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხება ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

  • ელექტრონულ ანკეტას ავსებენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის მოწმობას, ან არიან ორმაგი მოქალაქეები.
  • ელექტრონულ ანკეტას არ ავსებენ ევროკავშირის იმ სახელმწიფოს მოქალაქეები/ბინადრობის ნებართვის მქონე პირები რომელთანაც გარკვეული დათქმით იხსნება საზღვარი, ვინაიდან მათთვის სავალდებულოა 8-დღიანი კარანტინის გავლა.
  • საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 8-დღიანი კარანტინის შემცვლელ პირობად.
  • 8-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში მოუწევთ მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს ევროკავშირის წევრი შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია, სლოვენია, ისლანდია.
  • ევროპის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ იხსნება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქმიანი ვიზიტები.
  • გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან რომლებთანაც სახელმწიფო საზღვარი იხსნება შესაბამისი დათქმით, ექვემდებარებიან 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.
  • გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი ექვემდებარებიან 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.
  • ევროკავშირის არაწევრი ევროპის და სხვა კონტინენტების ქვეყნებიდან შემოსული გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეები ექვემდებარებიან 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.
  • ევროკავშირის და სხვა ქვეყნებიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან სავალდებულო 8-დღიან კარანტინს. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, ან ამავდროულად ფლობენ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქის სტატუსს.

აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

ზემოთ აღნიშნული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველო მოქალაქე საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია, სლოვენია, ისლანდია), ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, მაშინ საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, სახელმწიფო ხარჯით.

  • საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ვრცელდება სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი.
  • ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვისაც საქართველოს საზღვარი იხსნება, აქვთ ქვეყანაში  სახმელეთო საზღვარით შემოსვლის უფლება განკარგულების თანახმად. შემოსვლისას ისინი ექვემდებარებიან კარანტინს საკუთარი ხარჯით.

ტესტირება

  • აეროპორტებში ტარდება PCR ტესტირება.
  • აეროპორტში PCR კვლევას ექვემდებარება ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, იმ შემთხვევაში თუ მას წინასწარ (აპლიკაციაში) აქვს გამოხატული ნება ტესტირების გავლაზე.
  • PCR-კვლევის პასუხი ცნობილი იქნება მაქსიმუმ 24 საათში, რეკომენდებულია კვლევის პასუხის მიღებამდე პირი იყოს თვითიზოლაციაში.
  • კვლევის შედეგთან დაკავშირებით, ინფორმაციას პირი მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციაც NCDC-ის მიერ. ინფიცირებული პირი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.
  • ერთი ადამიანის PCR კვლევისთვის ნიმუშის აღების პროცედურა 5-10 წუთის ფარგლებში მერყეობს.
  • მგზავრებს აეროპორტში უტარდებათ PCR ტესტი მათივე თანხმობის შემთხვევაში.
  • საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR კვლევა (იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან), ან გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხება ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

კარანტინი

  • კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება.

კარანტინს ექვემდებარება ასევე ევროკავშირის ზემოაღნიშნული იმ 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელიც საქართველოში შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საზღვარი არ გვაქვს გახსნილი, ან ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვს.

  • საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კარანტინის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი.
  • თვითიზოლაციაში გადასვლა შესაძლებელია:
    • პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება;
    • დიპლომატებისა და საერთაშორისო მისიების მოთხოვნის შემთხვევაში (წესების დაცვაზე ზედამხედველობას თავად ახორციელებენ).
    • პროცედურები:
      • თვითიზოლაციაში გადასვლისთვის პირი ავსებს შესაბამის ფორმას, სადაც უთითებს მისამართს;
      • შევსებისას მითითებული მისამართის ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობას ადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
  • საკარანტინო სასტუმროს არჩევა ვიზიტორის მიერ შესაძლებელი არ არის.
  • აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება 8-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
  • პირი ვალდებული არის იმყოფებოდეს საკარანტინე სივრცეში საზღვრის კვეთიდან 8 დღის განმავლობაში.
  • საკარანტინე სასტუმროს დატოვების წინ პირს უტარდება PCR კვლევა.

სასტუმროს დატოვებამდე PCR კვლევა სავალდებულოა. ევროკავშირის მოქალაქეების შემთხვევაში, ტესტის საფასურს იხდის თავად მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში -  სახელმწიფო.

  • საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი არის სავალდებულო, რადგან სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი.

გასათვალისწინებელია, რომ არსებული გამოცდილებით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო.

საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის კარანტინში მათ განთავსება/არგანთავსებასთან დაკავშირებით განსხვავება განპირობებულია მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტის პოტენციურად უფრო მაღალი სიხშირით.

  • საქართველოს აეროპორტში ევროკავშირის ხსენებული 5 წევრი ქვეყნის მოქალაქის მიერ ანკეტის შევსება შესაძლებელი არის.

საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან გამგზავრება

  • საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება და ექვემდებარება ტესტირებას ან/და 14-დღიან თვითიზოლაციას, ან კარანტინის გავლას მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.

ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 8-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო წესით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა