საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ბლედის სტრატეგიულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2021 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ბლედის სტრატეგიულ ფორუმში, რომელიც მიეძღვნა ევროპის მომავლის შესახებ ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებს. მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა ფორუმის ერთ-ერთ სესიაზე („EU’s Challenging Eastern Partnership Summit 2021: Calibrating its Agenda“), რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის გამოწვევებსა და მომავალ მიზნებს დაეთმო.

თეიმურაზ ჯანჯალიამ ისაუბრა საქართველოს მოლოდინებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მზარდი სამხედრო ყოფნით და პროვოკაციული პოლიტიკიდან მომდინარეობს, ასევე კოვიდ-პანდემიიდან მომდინარე სირთულეებზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო თავისი ევროპული არჩევანის ერთგულია და აგრძელებს ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის გატარებას, რომლის საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე საუბრისას, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რისთვისაც დეკემბერში დაგეგმილ სამიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თეიმურაზ ჯანჯალიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, დიფერენციაციის პრინციპზე დაყრდნობით, თანამშრომლობის მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგისა და ამბიციური მიზნების დასახვის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, იგი მიესალმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი შავ ზღვაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვაა. ამ მხრივ, მან ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს სამი ზღვის ინიციატივაში ჩართვასთან მიმართებაში.

სესიის დასკვნით ნაწილში მინისტრის მოადგილემ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.