საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და სლოვენიის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2021 წლის 3 სექტემბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო სლოვენიის დელეგაციას - სახელმწიფო მდივანი სტანისლავ რაშჩანი.

პოლიტიკური კონსულტაციების დღის წესრიგი მოიცავდა როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, მათ შორის, სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ასევე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს.

რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მხარებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე.

კონსულტაციებისას, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციისა და თანამშრომლობის განვითარების საჭიროება.

კონსულტაციებისას, საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ თვალსაზრისით, სლოვენიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ისევე, როგორც სლოვენიის გამოცდილების გაზიარების საჭიროებას. განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზები, 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენის პერსპექტივა და „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნირობაზე და მის მომავალზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ სლოვენიურ მხარეს გააცნო ქართული მხარის მოლოდინები დეკემბერში დაგეგმილი სამიტიდან.

სლოვენიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას.

სლოვენიის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.