საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელით!

მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2019 წლის 25 იანვარს რწმუნებათა სიგელები გადავეცი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს, რომლის დროსაც გამართული შეხვედრისას კიდევ ერთხელ განისაზღვრა საქართველოსა და სლოვენიას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები უახლოესი წლების განმავლობაში!

ჩემთვის უდიდესი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ხელისუფლებას ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 18 იანვარს. სლოვენია არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი და მტკიცედ უჭერს მხარს როგორც ჩვენს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისე - ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

განსხვავებული გეოგრაფიული არეალისა და ისტორიის მიუხედავად, ჩვენ როგორც მცირერიცხოვან ქვეყნებს, უამრავი საერთო გაგვაჩნია: ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არგონავტებისა და „ოქროს საწმისის“ შესახებ ლეგენდები გვაერთიანებს, ორივე ერი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ეროვნული იდენტობისა და დამოუკიდებლობისათვის, ხოლო თანამედროვე პირობებში საქართველოც და სლოვენიაც ერთგულია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

შესაბამისად, გასააქტიურებელია საელჩოს საქმიანობა ამ მხარდაჭერის განმტკიცების (ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატია) და სავაჭრო-ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალის ამოქმედების კუთხით (ეკონომიკური დიპლომატია).

მნიშვნელოვანია ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება (სახალხო დიპლომატია); კერძოდ, თბილისი და ლიუბლიანა, ასევე ქუთაისი და მარიბორი - დაძმობილებული ქალაქებია; ამ მხრივ, თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პერსპექტივები არსებობს.

დიდი პერსპექტივები აქვს საქართველოსა და სლოვენიის თანამშრომლობას მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებშიც (კულტურული დიპლომატია);

საელჩოს საქმიანობის მთავარი დანიშნულება საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორისადმი ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში მათთვის საკონსულო მომსახურების უზრუნველყოფაა; ამისთვის შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ საელჩოს ტელეფონებსა თუ ცხელ ხაზზე, ფბ-გვერდსა თუ ტვიტერზე. უმორჩილესად გთხოვთ, დაგვიკავშირდით აღნიშნული ვებ-გვერდის საშუალებითაც. საელჩოს კარი მუდამ ღიაა თქვენთან სათანამშრომლოდ და გამოვთქვამთ მზადყოფნას დაგეხმაროთ, კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ინიციატივებისა და იდეების რეალიზაციაში.

ახალი 2019 წლიდან კი გისურვებთ წარმატებებსა და ჯანმრთელობას, ხოლო ჩვენს ქვეყნას - გრძელვადიან მშვიდობასა და აყვავებას!

საუკეთესო სურვილებით,
ირაკლი კოპლატაძე