საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
7 დეკემბერს სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და წევრები სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდნენ.
მხარეებმა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საკითხი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია განიხილეს.
სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ზუპანჩიჩის თქმით, სლოვენიური მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
მხარეებმა, არსებული ორმხრივი ახლო ურთიერთობების ფონზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, რასაც ასევე ხელს შეუწყობს 2023 წელს სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე გამართა სლოვენიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, ევროპულ საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წევრებთან. შეხვედრებისას, მთავარ განსახილველ თემებს წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის აღსრულება, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები.
ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიელ კანონმდებლებთან ერთად, განიხილა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.
ისაუბრა ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში საქართველოს როლზე.
მხარეებმა საქართველოს და სლოვენიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები სლოვენიის პარლამენტში, სადაც საგნობრივად განვიხილეთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები. ეს არის პირველი ოფიციალური საპარლამენტო ვიზიტი სლოვენიაში, რომელიც ვფიქრობ, რომ დიდ გავლენას მოახდენს ჩვენ სამომავლო თანამშრომლობაზე. სლოვენიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში არის სრული კონსენსუსი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. სლოვენია გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას ამ გზაზე და იმედი მაქვს, რომ სლოვენიის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, მომავალ წელს ევროკავშირი მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე, გრიგოლ ვაშაძე და საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიქტორ სანიკიძე.