Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ლიუბლიანაში

2026 წლის 26 მაისს, სლოვენიის ფილარმონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ სლოვენიის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და კულტურული წრეების, მედიისა და დიასპორის წარმომადგენლები.

საზეიმო ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის ჰიმნები. საღამოზე ქართული და სლოვენიური მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა გიგი ჭიპაშვილმა (PianoMan), პატრიარქის, ილია მეორეს საგალობელი შეასრულა ლიზა (ლიზი) სვანიძემ.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ. სიტყვით გამოსვლისას, მან ისაუბრა ეროვნული დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქართველი ხალხისთვის ამ დღესასწაულის დატვირთვაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოებრიობის 3000 და საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მისი განცხადებით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა რწმენის, მშობლიური ენის, სახელმწიფოებრიობის და ტრადიციების უწყვეტობის შენარჩუნებას, ოკუპაციებისა და მუდმივი გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად.
1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე, როგორც თანამედროვე ისტორიის განმსაზღვრელ პერიოდზე საუბრისას, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ წარმატებით ააშენა საოცრად პროგრესული სახელმწიფო და საფუძველი ჩაუყარა ისეთ დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც დღევანდელი სტანდარტებითაც კი ამბიციური რჩება, ხოლო საფუძველს საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობაში და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ და კულტურულ ტრადიციებში იღებს.

ელჩმა ასევე ისაუბრა ლიუბლიანასა და თბილისის, ქუთაისისა და მარიბორის თანამშრომლობაზე. გამოსვლის ბოლოს, ელჩმა, სლოვენიაში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს საელჩოს სიგელი გადასცა საქართველოს მეგობარს, პროფესორ სილვო ტორკარს.